четверг, 1 января 2009 г.

მტკვარი


მტკვარი ამიერკავკასიის უდიდესი მდინარეა. სათავეს იღებს თურქეთში, ყიზილ-გიადუკის მთის კალთაზე (აღმოსავლეთით). ჩაედინება კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში. მისი სიგრძეა 1364 კმ. აუზის ფართობი - 188 ათასი კვადრატული კილომეტრი.. აუზი მოიცავს სომხეთის ტერიტორიას მტლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს. საქართველოში ვარძიის მახლობლად შემოდის. მდინარე ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია.
მტკვრის აუზი მეტად მრვალფეროვანი ლანდშაფტებით ხასიათდება, რაც არსებით გავლენას ახდენს მდინარის რეჟიმზე. მტკვარი შერეული საზრდოობის მდინარეა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა, ზაფხულისა და ზამთრის წყალმცირობა.
გაზაფხულის წყალდიდობა მარტის პირველ ნახევარში იწყება და მაისის დასაწყისში მაქსიმუმს აღწევს, ივნისის ბოლოს კი მთავრდება. ივლის-აგვისტოში მტკვარზე წყალმცირობაა. შემოდგომაზე წვიმით გამოწვეული წყალმოვარდნები იცის, ხოლო ზამთარში მდგარი წყალმცირობაა.
მტკვრის მარჯვენა შენაკადებია: ფარავანი, ბორჯომულა, გუჯარეთისწყალი, ძამა, ტანა, თეძამიო, ალგეთი და ა.შ. მარცხენა შენაკადებია: ფოცხოვი, ლიახვი, ქსანი, არაგვი, იორი, ალაზანი, ტურინჩაი, გოქჩაი.
მტკვარი მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსია. მის მრავალ შენაკადზე აგებულია ჰიდრო ელექტრო სადგურები: ჩითახევჰესი, ზაჰესი, ორთაჭალჰესი, მინგეჩაურჰესი.ორთაჭალჰესი აიგო გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში. ჩვენ ელექტროენერგიას ამ ჰესიდან ვიღებთ.

მტკვარი ჩვენი დედაქალაქის მთავარი არტერიაა, რომელიც ქალაქს კვეთს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. თბილისის ფარგლებში მტკვრის შენაკადებია: მარჯვენა - დიღმისწყალი, ვერე და წავკისის წყალი. მარცხენა - გლდანისხევი და ლოჭინი.
ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მდ. მტკვარი თბილისს ორ კარგად გამოხატულ ერთეულად - მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად ყოფს. მეტეხის ციხესთან მტკვრის კალაპოტი შევიწროებულია, აქვე ცაედინება ორთაჭალჰესში. ქვემოთ კი, ორთაჭალის ტერიტორიაზე, ძლიერ იტოტება. მტკვრის მარცხენა ნაპირეთში მდებარეობს მახათას მთა. თბილისის ქვაბულის შემდეგ, მტკვარი ქვემო ქართლის ვაკეზე მიედინება და ტიპიური ვაკის მდინარეა, განიერი ჭალებითა და დაბალი ნაპირებით.
მტკვრის წყალს ფართოდ იყენებენ ფაბრიკებისა და ქარხნების ტექნიკური წყლით უზრუნველსაყოფად. მტკვარი სანაოსნოა პატარა გემებისათვის მინგცაურის წყალსაცავიდან შესართავამდე. ის მდიდარია თევზით. მის შესართავთან იჭერენ სვიას, თართს, ტარღანას, სალამურას, ფარგას და სხვა თევზებს. მტკვრის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: ბორჯომი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი და სხვა.
მტკვარი თბილისს ხუთჯერ კვეთს და ქმნის ხუთ ტერასას. ორთაჭალა მდებარეობს მეორე ტერასაზე.
მტკვარი სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვანაირად ბინძურდება. დაბინძურება ყველაზე მაღალია მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, განსაკუთრებით ჩვენს დედაქალაქში. ცნობილია, რომ მტკვარში ჩაედინება საკანალიაციო სისტემა, რაც ხელს უწყობს მის დაბინძურებას. ასევე ქარხნები, თუნდაც პატარა საწარმოები. მაგალითად: ავტომანქანების სამრეცხაოები, რომლებიც სანაპიროზე არიან განთავსებული, საიდანაც პირდაპირ მტკარში ჩაედინება მათი საწვავიანი ნარეცხი. ასევე რესტორნები.


ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ნაგავსაც კი პირდაპირ მდინარეში ყრის. ბევრჯერ გვინახავს მტკვარზე მოტივტივე ნაგავი; ბოთლები, პარკები, ქილები და ა.შ.


ლ. ყელბერაშვილი